ჩრდილოეთ არალის ზღვის განვითარების და აღდგენის პროექტი
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ჩრდილოეთ არალის ზღვის განვითარების და აღდგენის პროექტის“ ფარგლებში გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 44 კომპანიამ, გამარჯვებულმა კონსორციუმმა - შპს „ეკო-სპექტრმა“ (საქართველო) და ი/მ «Diamond»-მა (ყაზახეთი) 2022 წლის 1 სექტემბერს ხელშეკრულება გააფორმა საკონსულტაციო მომსახურებაზე პროექტის განმახორციელებელთან, ყაზახეთის ეკოლოგიის, გეოლოგიის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ტენდერში გამარჯვებული კონსორციუმი პროექტის ფარგლებში მოამზადებს შემდეგ დოკუმენტაციას: (i) გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს, (ii) განსახლების სამოქმედო გეგმას, ასევე (iii) მოამზადებს და განახორციელებს დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობის გეგმას.
არალის ზღვის კატასტროფა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეკოლოგიური პრობლემაა მსოფლიოში. არალის ზღვამ, ოდესღაც მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ტბამ, დაშრობა დაიწყო 1960-იან წლებში მას შემდეგ, რაც მისი მკვებავი მდინარეების, სირდარიას და ამუდარიას წყლები „საბჭოთა კავშირის სარწყავი პროექტებისკენ“ მიმართეს. შედეგად, არალის ზღვა დაიშალა ორ, ჩრდილოეთ და სამხრეთ წყლის ობიექტად, ზღვის ზედაპირი 3/4 -ით, ხოლო წყლის მოცულობა 90%-ით შემცირდა, წყლის მარილიანობა 10%-დან 200%-მდე გაიზარდა და ზღვის სანაპირო ზოლმა 100-150 კმ-ით დაიწია. ყოველივე ამან კი კატასტროფული შედეგები გამოიწვია ცენტრალური აზიის ქვეყნების გარემოსა და ეკონომიკაზე, უარყოფითი გავლენა იქონია ამ რეგიონში მცხოვრები მილიონობით ადამიანის კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე.
პროექტის მასშტაბებიდან, აქტუალურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, 2022 წლის 19 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, კონსორციუმის წევრებმა განახორციელეს პირველი სამუშაო შეხვედრები პროექტის განხორციელებაში ჩართულ ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
სამუშაო შეხვედრები შედგა ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ კიზილორდის აკიმიატის წარმომადგენლებთან, ქალაქ არალსკის მუნიციპალიტეტის, პროექტის დიზაინერი კომპანიის "YEKOM Consulting Engineers"-ის წარმომადგენლებთან, ასევე, „არალის გადარჩენის ფონდის“ ალმაატის სათაო ოფისისა და კიზილორდის ფილიალის, პროექტის განხორციელებაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების და პროექტის დამფინანსებელი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილული იქნა პროექტის ყველა ალტერნატივა, შეფასდა მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, დაიგეგმა განხორციელების გზები და ვადები.
;